Monday, January 10, 2011

როდის გადარჩება სამყარო...

       გამარჯობა, მე ადამიანი ვარ, ჰომო საპიენსი, შენი თანადედამიწელი, თანაგალაკტიკელი, მეტიც მე შენი თანასამყაროელი ვარ! შეგიძლია უბრალოდ გუგა დამიძახო! ახლა Pink Floyds - The Wall -ს ვუსმენ და ვფიქრობ თუ რამდენ საშინლებას ამჩნევდნენ გილმორი და მისი მეგობრები, ასეთი შთაგონებით რომ ქმნიდნენ, მართლაც გასაოცარ მუსიკას...
    
      სამყაროს გადარჩენის ბევრი გზაც გვინახავს. ერთერთი შთამბეჭდავი, ჩვენი მეგობარი ჯონ ლენონის მოწოდება იყო ადამიანებს მეტი წარმოედგინათ და ეოცნებათ. ეოცნებათ სამყაროზე ჯოჯოხეთისა და სამოთხის გარეშე. მოკლედ ასე იყო თუ ისე ჯონ ლენონისეულმა ათეისტურმა თუ პაციფისტურმა მოწოდებამ ბევრი კარგი შედეგი მოიტანა, მაგრამ სამყარო არ გადაურჩენია. მიუხედავად მისი მცდელობისა ამ სიმღერის კლიპი თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ლამაზი ოთახი ყოფილიყო, მაინც თვალში ცუდად გვხვდება მისი ცხოვრების და არამარტო მისი ცხოვრების დიდი შავი იაპონური წერტილი!


     სამყარო გადარჩება მაშინ, როდესაც ჩემს "პოსტს" ავად არ მოიხსენიებენ და არ განსჯიან... სამყარო მაშინ გადარჩება, როცა ქართველი გოგოები ერთად დაანგრევენ ქალიშვილობის ინსტიტუტს და დაკარგავან უკვე ბევრჯერ დაკარგულ და ნაპოვნ ქალიშვილობას. სამყარო მაშინ გადარჩება, როცა იდიოტური სენტიმენტებით აღსავსე პროფილის მაგივრად, ბებიაჩემი Discovery-ზე ან Mezzo-ზე გადართავს თავის ტელევიზორს. სამყარო მაშინ გადარჩება, როცა მმკ აღარ დაარბევს "Helloween"-ს. როცა ქუჩაში გამვლელი ერთ ღერ სიგარეტს და ზარის გასაშვებს აღარ გთხოვს. როცა ჩემი მეზობელი დარეკავს და მუსიკის ხმის ჩაწევის მაგივრად, ხმის აწევას მომთხოვს. როდესაც რუსები აფხაზეთსა და ოსეთს დაგვიბრუნებენ და სოჭსაც შემოგვთავაზებენ. როცა რომის პაპი არაბეთის იმამს (მოლას) ეზასავება. როცა Facebook-ზე აღარ იქნება ასეთი კომენტარები: "miyvarxarrrrrrrrrrrrrrrrrrrrrr me shen da vsooooooooooooooo :D :************* chemi yvelaperiiiiiiiiiiiiiiiii uazrod menatrebiiiiiiiiiiiiiiiii :********"   (შემინდეთ საზიზღრობის ციტირებისთვის). სამყარო მაშინ გადარჩება, როდესაც აღარ გათხოვდებიან 16-20 წლის მატრაკვეცა გოგოები იმიტომ, რომ სექსი ქონდეთ (აქ სამყაროში საქართველო იგულისხმება). სამყარო მაშინ გადარჩება, როდესაც  მიწისქვეშა გადასასვლელებში და ლიფტებში ცხვირზე ხელმოჭერილებს აღარ მოგვიწევს სიარული და დგომა. როდესაც ქართული ეკლესია დინოზავრების არსებობას აღიარებს. როდესაც შეკითხვაზე: ქურდებს პატივს ცემ?, შენი უარყოფითი პასუხის შემდეგ დანის მაგივრად, მეგობრული ღიმილი მოგხვდება. როდესაც ქართველი ვაი-მამაკაცები და ქალები მიხვდებიან, რომ ქალსაც შეუძლია სექსისაგან სიამოვნების მიღება. როდესაც ჯასტინ ბიბერის ვიდეოებს ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა არ დაუგროვდებათ 4 თვეში. როდესაც ჩემი ძაღლი სახლში, ქართველები კი მტკვარში "მოჯმა"-ს გადაეჩვევიან. როდესაც ამინდის პროგნოზსა და ნამდვილ ტემპერატურას შორის განსხვავება 20გრადუსი არ იქნება. როდესაც ვირი ხეზე ავა (ზებრა მაინც). როდესაც ქუჩის კუთხეში ჩაცუცქული შავ კურტკა-კაპიშონიანი ბიჭები ვაიმე-ცხოვრება-მეზიზღება სახეებით არ შემოგხედავენ. როდესაც ქართველი მძღოლი ზებრა-გადასასვლელზე პატიოსნად დაგითმობს გზას. როცა ტაქსისქი ამ მთავრობას არ გალანძღავს თავისი უმუშევრობის გამო. როდესაც აღარ ვიტყვით რამდენი შეგვეძლო და ვიტყვით რამდენი შევძელით! სამყარო მაშინ გადარჩება როდესაც ჩვენი ფეხების ცქერას მოვეშვებით, თავს ავწევთ და ვარსკვლავებს შევხედავთ!!! (თუნდაც იმ კითხვით:"შეჭამა თუ არა ბეკეკამ ყვავილი?")


     (სრულიად გამოგნილი დასასრული:) ახლა ეს პოსტი დავწერე და რადგან სიმართლის თქმის ხასიათზე მოვედი დედაჩემს უნდა ვუთხრა, რომ სიგარეტს ვეწევი. სმყარო კი მაშინ გადარჩება, როცა ამ "აღიარების" შემდეგ დედაჩემი მაგარი მუჯლუგუნის მაგივრად ჯიბიდან სიგარეტ "ასტრას" და სანთებელას ამოიღებს, მომიკიდებს და საფერფლეს გამომიტანს სამზარეულოდან. 
   
    P.S  (სიგარეტს ვერ ვიტან და არც ვეწევი, სულ ორჯერ ვცადე და იმაზე დიდი საზიზღრობა არაფერია (ჩემი აზრით რათქმაუნდა))
          სამყაროს გადარჩენაზე მუშაობდა მუდამ თქვენი (არავითარ შემთხვევაში მონა-მორჩილი) გუგა ნიუტონი (ვაშლმა დაღუპა სამყარო, ვაშლმა!!!) 

No comments:

Post a Comment