Saturday, January 1, 2011

წერილი 1. შტრიხი 54. გადამისამართება სურამი-თბილისი



წერილი 1. შტრიხი 54. გადამისამართება სურამი-თბილისი.

არასოდეს გაგჩენიათ კითხვა რატომ არის ეს ისე როგორც არის? ისეთ კითხვას ვგულისხმობ, პასუხი ღმერთამდე რომ არ მიდიოდეს. ღმერთს თავი დავანებოთ და მარტივად გავცეთ ამ კითხვას პასუხი. ცოტა რთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ავისმომასწავებელ ფლორუსცენტრულ ნათურას ვუყურებ, რაც ჩემს აზრებს ფიტავს, და მათ ნაცვლად ისეთ უაზრო შეგრძნებებს აჩენს როგორიც დაღლილობაა.  შევეცდები მანამ ვწერო სანამ ეს საშინელი ნათურა თავისი დადებითი იონური ნათებით ნეიტრონად არ მაქცევს.
ალბათ საფუძვლიანი გამოკითხვის გარეშეც მივხვდებით გამოკითხულ ქართველთა პასუხებს. ჩამოვწერთ პასუხებს, რომელთა გაცემის ალბათობა 75%-ზე მაღალია და მივიღებთ შემდეგნაირ სიას:
      
      1. მთავრობის ბრალია, ამათ ხელში... (მოხუცი პენსიონერები, საშუალო ასაკის მამაკაცები და დედაკაცები, ლტოლვილები)
      2.  ცხოვრების დედაშევეცი... (ჩაცუცქული ჯეელები)
      3.   ღმერთის ნებაა შვილო ყოველივე... (თავშლიანი დედაკაცები, მამაოები და დედაოები, ქუდზე სვასტიკის გამოსახულებიანი მამაკაცები, ბიბლიოთეკის თანამშრომელთა 93%)
      4.  რავი... (ხატის გამყიდველი მათხოვრები, მოსიარულე ჯეელები, საქმიანი მამაკაცები და დედაკაცები, სწავლაში ჩაფლული სტუდენტები, სითი პარკის თანამშრომლების 76%)
      5.  გადი თუ ძმა ხარ, შენი თავი სად მაქ, შენხელა შვილები მყავს სარჩენი... (ბირჟაზე ჩამომდგარი/ჩაცუცქული/ჩამომჯდარი შუახნის მამაკაცები)


მივიდეთ  სიასთან და ვკითხოთ: „სიავ, სიავ ლამაზო, რას გვეტყვიო რასაო?“
სია ამოიხვნეშს და სია ფურლერის ხმით მოგვიგებს: „Clap Your Hands!”
ტაშის ერთიანად (როგორც ქართველებს გვჩვევია) შემოკვრის შემდეგ, სია კვლავ დაიწყებს ლაპარაკს:


„მონაცემთა გადამუშავება მიმდინარეობს. ამან შეიძლება რამოდენიმე წუთი წაიღოს“


ყველა ერთიანად (როგორც ქართველებს გვჩვევია) შევიკურთხებთ, და დავიწყებთ იმაზე ფიქრს თუ რა ვაკეთოთ, სანამ სია მონაცემებს გადაამუშავებდეს. ბოლოს მოვიფიქრებთ, რომ მეზობელთან ბავშვი გავგზავნოთ და ნარდი ვითხოვოთ, ოღონდ ბავშვი კარგად უნდა დავარიგოთ მეზობელმა რომ არ მოგვიტყუოს და ნარდი უკამათლოდ არ გამოატანოს. მეზობელი კი შორს ჩრდილოეთით ცხოვრობს. ბავშვი გვიძალიანდება არ უნდა მეზობელთან წასვლა. სამ ჩურჩხელას ვუჯიბავთ (ჭეშმარიტად ქართული სიტყვა) და გასამხნევებლად ტაკუნაზეც ვუთათუნებთ ხელს.
ბავშვს სხვა რა გზა დარჩენია, თავჩაღუნული მიემართება ჩრდილოეთით...


...რატომღაც Monkey: Journey to the West გამახსენდა. ზუსტად ასე იწყება: სხვა რაღა დარჩენოდა მეფე-მაიმუნს, აჰხედა მზეს და დასავლეთით გაჰხედა ჰორიზონტს და თავჩაღუნული გაემართა მზის ჩასავლეთის მხარეს...


...ამასობაში კი სია ვიბრირებას იწყებს. დაინტერესებულნი მივემართებით სიისკენ. მას გაღიმებული სახე აქვს და სულმოუთქმელად ელოდება როდის ჰკითხავენ იგივე კითხვას.


„სიავ სიავ ლამაზო, რას გვეტყვიო რასაო?“


სია უკმაყოფილოდ შეგვახსენებს, რომ ტაშის დაკვრა აუცილებელია. მაგრამ სიას ესმის ჩვენი, უკვე შეეგუა ქართველების გულმავიწყობას. მოთმინებას ამჟღავნებს და ყოველ ჯერზე გულმოდგინედ ახსენებს გურჯებს შემოჰკრან ტაში, სიტყვების წაკითხვის შემდეგ. ბევრჯერ უფიქრია, რატომ უჭირთ ასე ტაშის დაკვრა ქართველებს, არადა რა კარგად 
გამოსდით...


„რეზულტატი: სოციალური განვითარების ინდექსი 0.005 ნიშნულს უტოლდება. არ არსებობს სოციუმის მხრიდან პასუხისმგებლობის აღების ფენომენი. საზოგადოებას გადაბარებული აქვს თავისი მოვალეობები ისეთი სახელისუფლებო და არასამთავრობო ორგანოებისთვის როგორიცაა პრეზიდენტი და უმაღლესი სასულიერო პირი. სოციუმის უმეტესი ნაწილი დეპრესიულ მდგომარეობაშია. [შესაძლო მიზეზები: სისტემური ზეწოლა, პიკამდე მისული თეოლოგიურ ნიადაგებზე შექმნილი პრესსინგი, ომი, შიში, უიმედობა+განუსაზღვრელად დიდი რწმენა მომავლისა] არ არსებობს ინდივიდუალური თავისუფლების შეგრძნება. მკვეთრად დაწეულია საშუალო კულტურული ნიშნული. არსებობს მოვლენათა არაადეკვატური აღქმის ტრადიცია.“


სია წყვეტს ლაპარაკს. დაახლოებით 5 წამის განმავლობაში ვიბრირებას აგრძელებს, შემდეგ ჩერდება.
-        
      - აუჰ! სულ გაფუჭებულა... გადასაგდებია კაცო, სულ აღარ ვარგა...
-         - იქნებ გავაკეთოთ რამენაირად?
-         - არა არ ეშველება ამას არაფერი. ბავშვებს მოარიდეთ რამე დენს არ ირტყმევინებოდეს კაცო!
-         - გადავაგდოთ მაშინ.
-         - გადავაგდოთ, გადავაგდოთ!

სიას ნაგავში ვაგდებთ, ამასობაში სახეგაბრწყინებული ჩრდილოეთს გაგზავნილი ბავშვი ბრუნდება, ხელში ნარდი უჭირავს.
-          
      - ა! აგაშენებს ღმერთი, დიდი ბიჭი გაეზარდე დედიკოს და მერე სამშობლოს!

ვიკრიბებით, ვლოცავთ ჩვენს მეზობელს ასე რო არ დაიშურა და ასეთი ძვირფასი ნარდი რომ გამოატანა. ცხრილს ვადგენთ, ლიგას ვაკეთებთ, პირველს ქართველ #20 და ქართველ #12-ს უწევთ თამაში. გაღიმებულები სხდებიან... ბოდიში... ჯდებიან სკამებზე და ერთმანეთს ეხუმრებიან. ხსნიან ნარდს და...
-            
      - სადაა კამათელი ბიჭო!

მაგრამ ბიჭს არ სცალია იგი შორს მაღალ მთაზე ზის და... ქრისტიანულად რომ ვთქვათ ჩუკნის.

ელექტრონი. სპინი -1/2. 1S ორბიტალი. პოლარობა 0.00003

2 comments: