Sunday, April 3, 2011

ბიზნესი დღევანდელ საქართველოში

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ უკვე დიდი ხანია აბიტურიენტთათვის პრიორიტეტულად ბიზნეს ფაკულტეტი იქცა, ეს ფაქტი კი მხოლოდ ერთს ცხადყოფს, რამდენიმე წელიწადში ჩვენს ქვეყანას უამრავი ბიზნესმენი, ამავე დროს აღარცერთი ფილოლოგი, ქიმიკოსი და ბიოლოგი ეყოლება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. გამოსავალი კი ერთია, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაძლიოს სნობური მენტალიტეტი, ადამიანებმა უნდა აკეთონ არა ის, რისი კეთებაც პრესტიჟულად ითვლება და ყველაზე მაღალანაზღაურებადია, არამედ ის, რისი კეთებაც კარგად გამოსდით და, რაც მთავარია, სიამოვნებთ.

ბევრისთვის ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთებასა და უდარდელ, უზრუნველ ცხოვრებასთან ასოცირდება. ნებისმიერ წარმატებულ ბიზნესმენს რომ ჰკითხო, მათი წარმატება ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომისა და მოთმინების ლოგიკური შედეგია. იმისათვის რომ გახდე წარმატებული, საჭიროა შეგეძლოს დათმობებზე წასვლა, ზოგჯერ წაგებაც კი, მთავარია არასოდეს დანებდე, პატიოსნად აკეთო შენი საქმე და იბრძოლო იქამდე, სანამ სასურველ შედეგს მიაღწევ.

ვფიქრობ, ბიზნესი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და იდეების რეალიზებისთვის. საქართველო თავისი ულამაზესი ბუნებით, უნიკალური ძეგლებითა და სტრატეგიული მდებარეობით უამრავ ტურისტსა და ინვესტორს იზიდავს, რაც ქვეყნის ბიუჟეტზე პირდაპირ აისახება. ურაპატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა ქართველი ერის გადაგვარება და ჩვენი მამაპაპისეული ფასეულობების გაუფასურება გამოიწვიოს, ამავე დროს, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ამავე საზოგადოებას შეუძლია ქუჩაში დაუფიქრებლად დაყაროს ნაგავი, მიუხედავად იმისა, რომ სანაგვე ურნა იქვეა, ზამთარში გაზისა და ელოქტროენერგიის, ასევე ხელოვნური ნაძვის ხის ეკონომიის მიზნით უმოწყალოდ გაჩეხოს ტყე, დაზოგილი თანხა ქეიფსა და დროს ტარებაში დახარჯოს და ტრადიციულ ქართულ სუფრაზე, ასევე ტრადიციული სადღეგრძელო წარმოთქვას: ჩემი თამადობით, ყველა პატრიოტს გაუმარჯოსო.

საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არსებობენ პროგრესულად მოაზროვნე, ჭეშმარიტი პატრიოტები, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, ახერხებენ პატიოსანი შრომის შედეგად იყვნენ წარმატებულები, ჰქონდეთ მაღალი შემოსავალი და სრულიად უანგაროდ დაეხმარონ სხვებს.

მეც სწორედ ასეთ მომავალს ვისურვებდი.


2007 წელი

წმ. ნიკოლოზის კალთაგადაფარებული


2 comments:

  1. nikoloz agvfrtovandi :D (guga va shechema) ogond erti rame gamityda, ai iq pizikosebi ro ar dawere! :(

    ReplyDelete
  2. ავტორი: წმ. ნიკოლოზის კალთაგადაფარებული.

    უნიმაწელნეი ბუძ!

    ReplyDelete