Tuesday, March 29, 2011

ჰალაპაგოსური პეპლები

პროტესტი! უმეტესობა თვლის რომ პროტესტი ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს. რომ პროტესტი ადამიანის აზროვნების და გონიერების გამოხატულებაა. დეკარტი ჰიპპი რომ ყოფილიყო უეჭველი იტყოდა: ”მე ვაპროტესტებ, მაშასადამე მე ვაზროვნებ და თუ ვაზროვნებ ესეიგი ვარსებობ”. მაგრამ პროტესტი ყოველთვის გონიერების ნიშანი როდია. მოდი ერთად შევადგინოთ იმ მოვლენების, ქმედებებისა და ცნებების სია რომელსაც დღესდღეისობით ვაპროტესტებთ. გაუმჯობესებული განათლების სისტემა, ტურიზმის განვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, სამართლისა და სამართლიანობის დაცვა, ხელისუფლება, ექიმები, სწავლა... ცოტათი ხმამაღალი ნათქვამია რაღა ცოტათი, ასე 170 დეციბელიანი. ეს თემები მართლაც იმსახურებენ კრიტიკას, ბოლობოლო ჩვენ მომავალზეა საუბარი. მაგრამ გონიერების ნაკლებობა იმაში მდგომარეობს რომ ყველა როდი ხვდება რას აკრიტიკებს და აპროტესტებს. მთავრობის ლანძღვა-გინება სხვა მრავალთა შორის კარგ ტონადაა მიჩნეული.

არიან ადამიანები რომლებიც გარკვეულ მოვლენას გააზრებულ პროტესტს უხვედრებენ არიან კი ადამიანები რომელთათვისაც ზემოთაღნიშნული ჯგუფი ავტორიტეტს წარმოადგენს. ეს ყოველივე ჭეშმარიტი მხოლოდ პოლიტიკისთვის როდია. იგივე რამ ხდება მუსიკაში, მხატვრობაში, ლიტერატურაში და თუნდაც რელიგიაში. მაგრამ ყურადსაღები ისაა რომ ამ პრობლემას ორი მხარე აქვს. ნორმალური დამოკიდებულება რაიმე საგნის მიმართ რომელიც გამოიხატებოდა სიტყვებით ”მომწონს/არ მომწონს” ჩანაცვლდა დამოკიდებულებით რომელიც გამოიხატება სიტყვებით ”მიყვარს/მძაგს”. ამ ცვლილებებში ნეიტრალური პოზიცია სადღაც გაგვეპარა. ალბათ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დამსახურებაა რომ ინდიფერენტული, ნეიტრალური დამოკიდებულება მოვლენის მიმართ გადაშენების პირასაა. ისეთი შეგრძნებაა თითქოს დარჩნენ მხოლოდ პრო-პროპაგანდისტები და ანტი-პროპაგანდისტები.

მაგალითისთვის ავიღოთ ჯასტინ ბიბერი. საზოგადოება დაყოფილია ორ ძირითად კლასად ა) ჯასტინ ბიბერი ფანები, რომელთა უმეტესობა აფანატებენ ჯასტინზე იმიტორო ”მაგარია”. ამ უმეტესობას თავისი აღტაცების საგნის ზედაპირზე ღრმად ჩახედვა არ აქვს განზრახული. დარწმუნებული ვარ ჯასტინ ბიბერის ფანებში არიან ადამიანები რომლებსაც გააზრებული აქვთ რატომ და რისთვის უსმენენ და მოწონთ მოქალაქე ჯასტინი მაგრამ დანარჩენი ნაკადს ბრმად მიყვება ბ) ხალხი რომლებსაც სძულთ ჯასტინი. ნაწილს იმიტომ რომ სხვებს სძულთ ნაწილ იმიტომ რომ სხვებს მოსწონთ, ადამიანი რომელიც თვლის რომ ჯასტინი უბრალოდ უნიჭოა ფაქტს აღნიშნავს მაგრამ პროპაგანდას არ წამოიწყებს. სად არის ხალხი რომელსაც ჯასტინის არსებობა ”ახატია”? ვერცვერასოდეს გავიგებთ რამეთუ ისინი ჩუმად არიან და სულ კიდიათ ჯასტინის, მისი ფანების და მისი ანტიფანების არსებობა.

ვიმედოვნებ მიხვდით რისი თქმაც მინდა. ფანობა ისევე როგორც მოძულეობა შეიძლება გახდეს მყარი ტენდენცია. ახლა გადავიდეთ უფრო მტკივნეულ თემაზე - რელიგიაზე. რელიგიაშიც იგივე სიტუაციაა რაც ჯასტინბიბერიზმში, და ვხედავთ: ა) მორწმუნეები რომლებზეც ამ მომენტში არ მექნება საუბარი ბ) ათეისტებს რომლებიც იყოფიან რაციონალურ ათეისტებად და ფსევდოათეისტებად. ბ კატეგორიის ზოგი, ამბოხი სულის პატრონი წევრი ცდილობს რელიგიას ებრძოლოს როგორც წესი იმის გამო რომ, ეკლესიის დოგმებს ეწინააღმდეგება. ასეთი ადამიანი უნებლიედ ათეიზმის პროპაგანდას ეწევა და ბაც ათეიზმი ხდება ტენდენცია. ჩნდებიან ე.წ. მიმდევრები რომლებიც პიონერი იკონოკლასტების ავტორიტეტის გავლენის ქვეშ ფსევდოათეისტები ხდებიან. ზოგი ამაში სოციალიზაციის საშუალებას ხედავს, ზოგი შესაძლოა ”ღადაობის” მადევარია. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ სისტემაში ათეიზმს არსი ეკარგება. არსი კი იმაში მდგომარეობს რომ ათეიზმი ავტორიტეტს უარყოფს. ჰო-ჰო სწორედაც ავტორიტეტს უარყოფს ათეიზმი. არა იმდენად დოგმებს და მითუმეტეს არა ღმერთის იდეას არამედ ტვინის დაძაბვისგან განმათავისუფლებელ ფრაზებს ”ღმერთმა ასე ინება” ან ”სამყარო ღმერთის შექმნილია”. რას ვერჩით ამ ფრაზებს? რას და ასეთი მარტივი გამოსავლები აზროვნებას ზღუდავს, ინდივიდში შემეცნების სურვილს კლავს. რა მოსდის ფსევდოათეისტს ასეთი იკონოკლასტების გარემოცვაში? თავის აზროვნების მოდელს ავტორიტეტის(იკონოკლასტის) სიტყვების ნაგლეჯებზე ამყარებს. მივიღეთ თუ არა ახალი რელიგია? თამამად შეგვიძლია მისიონერობა დავიწყოთ.

ადამიანის ნდობის მოპოვება და მერე შენ ჭკუაზე ტარება, შენი აზრების მის გონებაში შთანერგვა საკმაოდ მარტივია. სწორედ ამაში მდგომარეობს ავტორიტეტზე დამყარებული აზროვნების სისტემის ძალა. თუმცა რელიგიის ასე ერთი ხელის მოსმით მოშორება არ შეიძლება. (ამჯერად რელიგიის სტანდარტულ ცნებაზე მაქ საუბარი)

განვიხილოთ ვინმე ვახუშტი მეტსხელად სიკვდილა. სიკვდილა ნახალოვკელი ძველი ბიჭია, ”შავი” ცხოვრებით ცხოვრობს, დანებიან სურათებს იღებს და ვინმემ ქრისტიანობაზე რომ თქვას რამე საღვთო ომს გამოუცხადებს. სიკვდილა თავს მორწმუნედ თვლის პერიოდულად ეკლესიაში დადის. ახლა წარმოიდგინეთ რომ რელიგია არ არსებობს. რას ჩაიდენს სიკვდილას ნაირი ბიჭი რომელსაც ყოველგვარი ლიმიტი და შიშის ფაქტორი გაუუქმეს. ღვთის შიშს დიდი საქმეების კეთება შეუძლია ზოგადსაკაცობრიო კეთილდღეობისთვის. სიკვდილა სავარაუდოდ ათეისტი რომ ყოფილიყო სისხლის გუბეებს დააყენებდა.

ერთი სიტყვით მინდა შეგახსენოთ რომ მარჯვენა უკიდურესობაზე პასუხი, მარცხენა უკიდურესობა არ არის. იყავით ინდიფერენტულები იმის მიმართ რაც თქვენ აღტაცებას არ იმსახურებს და იცხოვრეთ პერსონალური ჭეშმარიტების სახელით.

უდნა ვაღიარო რომ ჩემი ქმედებები ხშირად წააგავს იმას რის წინააღმდეგაც გავილაშქრე ამ პოსტში. ხანდახან უნებლიედ გამომდის, ჯერ ვსწავლობ...

ჰალაპაგოსური პეპელა ძალიან ლამაზი არსებაა. ვუყურებდი და ვუყურებდი, თვალს არ მოვწყვეტდი. არადა დედამიწაზე მარტო ჰალაპაგოსურ პეპლებს რომ ეცხოვრად მგონი სირობა იქნებოდა...

2 comments:

  1. შენა და...
    ხვალ საღამოს რას აკეთებ???

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete