Thursday, December 30, 2010

"დავძლიოთ ასაკობრივი კრიზისი"

                                     ანი ჩიხლაძეს
     ასაკობრივ კრიზისში დაკარგული სექსუალური აქტივობა, პროსტატა და კლიმაქსი არ იგულისხმება (ალბათ სურათიდანაც მიხვდით). პირიქით ეს თინეიჯერული კრიზისია, რომელიც ყველაზე ვნებიანი და უხვ-ჰორმონიანია (ტესტესტერონის სურვილი გამოიყოს ესტროგენი). 
   
 ამგვარი ასაკობრივი კრიზისი კი ნამდვილად ბევრს აწუხებს (მე ამ თემაზე დაწერა კი ჩემმა მეგობარმა ანი ჩიხლაძემ მთხოვა, რომელიც მგონი ასაკობრივი კრისისით "იჩაგრება"). ამ კრიზისს ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს ხოლმე. ძირითადად მშობლების არაადეკვატური, უაზრო დამოკიდებულება, სისტემის (პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური) ნაკლული იდეოლოგია, დეგრადირებული სოციუმი და "ჩვენ" შემთხვევაში ერის ინფანტილური შოვინიზმი. თავს გაბეზრებენ უამრავი უაზრო ახალი ამბით. არც არის გასაკვირი ძვირფასო თინეიჯერებო, რომ პროტესტი გიჩნდებათ ამ ყველაფრის მიმართ, სადაც არც ცოდნაა არც სამართალი. მეც ბევრჯერ მომსვლია იგივე და შესაბამისად ბევრჯერ მიძებნია გზა ამ სულიერი ქაოსის დასაღწევად, გზა რომელიც სულაც არ მიდის რომში და შეიძლება უფრო მაგარ ადგილებშიც კი წაგიყვანოთ. ადამიანები ხშირად გვგონებია მართლაც ასეთი საზიზღრები და არაჰუმანურები, მატერიალისტები და მერკანტილისტები, შოვინისტები და ნარცისები, მაგრამ გაიხსენე და კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მე კი დაგეხმარები:


 ძვირფასო მეგობარო გაიხსენე რომ არსებობდნენ და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ებრძოდნენ ამ ქაოსს და გამოსდიოდათ კიდეც. არსებობდა არისტოტელე, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში ცდილობდა გაეგო სამყაროზე. არსებობდა ჯორდანო ბრუნო, რომელიც ყველაზე დიდი სიმართლისთვის დაწვეს ის კი მაინც მედგრად იდგა (იწვოდა მაინც). არსებობდა გალილეო გალილეი, რომელმაც ცა დაანახა ადამიანებს, ნიუტონი (ოხხ... ნიუტონი), რომელიც იმ წელს დაიბადა, როცა გალილეო გარდაიცვალა და განაგრძო მისი გზა, რომელმაც დაწერა მსოფლიო მიზიდულობის კანონი (და ვაშლები აქაც არაფერ შუაშია...). არსებობდა ფარადეი, დარვინი და მისი გემი ბიგლი,  არსებობდა მენდელეევი და მისი სიზმრები, არსებობდა ჰაბლი, რომელიც პირველი მიხვდა, რომ სამყარო ფართოვდება, არსებობდა ის, ის კი აინშტაინი იყო, რომელიც თავის წარმატებაში პირველ ადგილს წარმოსახვას და გაუთავებელ შეკითხვებს ანიჭებდა, რომელმაც პირველმა აღნიშნა, რომ დრო სულაც არაა აბსოლუტური სიდიდე და ყველას თავისი დრო აქვს. არსებობს ჰოვკინგი, რომელიც მიუხედავად თავისი ნაკლოვანებისა, ყველაზე მაგარი მეცნიერია. ჯოზეფ ნაისპორი, რომელმაც გადაიღო პირველი ფოტო. ძმები რაიტები, რომელთაც იმდენად სურდათ გაფრენა, რომ შეძლეს და გაფრინდნენ. არსებდნენ ადამიანები, რომელთაც ფეხი დადგეს მთვარეზე (ნილ არმსტრონგმა კი თავის მეზობელს წარმატებაც კი უსურვა მთვარიდან).
  
    იყვნენ და არიან ხალხი, რომელიც უჯანყდებოდნენ, უჯანყდებიან და აუჯანყდებიან უსამართლობას. არსებობს დალაი ლამა - თენზინ ძიაცო, არსებობდა ჯონ ლენონი, ვიქტორ ჰიუგო.

   დაფიქრდი, რომ არიან ისეთი მწერლები და შესაბამისად ისეთი წიგნები, რომლებიც მართლა მოგწყვეტენ შენ "კრიზისს". ერთში დეიდა პოლის დაემალები და ჰეკლბერი ფინთან ერთად გაერთობი, მეორეში დედამიწას შემოუვლი 79 (დიახ 79) დღეში, მესამეში ბეიკერსტრეეტზე იცხოვრებ და დანაშაულებს გამოიძიებ, მეოთხეში დააარსებ ქალაქს სახელად "მაკონდო", მეხუთეში პატარა პრინცთან ერთად იხეტიალებ უდაბნოში და ასე უსასრულობამდე... ხან მეფე იქნები, ხან წისქვილებთან მებრძოლი რაინდი, ხანაც უბრალოდ რიგითი კლიმი.

   ჩართე ტელევიზორი, რომელიც ნამდვილად ათასი სისულელით არის გამოტენილი, მაგრამ არსებობენ არხები "Discovery", რომელზეც არასოდეს მოგწყინდება ბეარ გრილზის ყურება, თუ როგორ დაეხეტება კაცობრიობას მოწყვეტილ ადგილებში და როგორ ჭამს ათასგვარ საშინელებას, "National Geographic", "History", "Mezo", შეგიძლია დაინახო, რომ სამყარო მართლაც არაჩვეულებრივია, როგორც "discovery"-ს ერთერთ "რეკლამაშია". გაქვს რადიო , ტელეფონი გაქვს გრამ ბელის წყალობით.

    საბედნიეროდ ყოფილან და არიან ხალხი, რომელთაც შეუქმნიათ მუსიკა, რომელიც 100, 200 წლის მერეც ახსოვთ და ემახსოვრებათ. ყოფილა ყრუ ბეთხოვენი, რომლელსაც მეცხრე სიმფონია დაუწერია, ყოფილა ჟორჯ ბიზე, რომელიც კარმენის პრემიერაზე გარდაიცვალა (იმიტომ, რომ კარმენმა არ გაამართლა). შოპენი, მოცარტი, ვივალდი თავისი წელიწადის დროებით. შეგიძლია მოსმინო ბიტლზს, "pink floyd"-ს და უამრავ სხვას.

          ყოფილა ვან გოგი, რომელმაც ყური იმიტომ მოიჭრა, რომ დაეხატა. სალვადორ დალი, ეშერი, რენე მაგრიტი, რომელი ერთი ვთქვა კიდევ. და ვინჩი, რომელიც არამარტო გაურკვეველი სქესის ადამიანებს ხატავდა, არამედ საფრენ მანქანას და მაკრატელს იგონებდა.

    ყოფილან ადანიანები, რომელთა სახელები არც კი ვიცით, რომლებმაც შექმნეს დღევანდელი ცივილიზაცია, რომლებიც აშენებდნენ სახლებს, ანტიკურ ტაძრებს, პირამიდებს, კედლებს (რომლებიც გვაოცებს), რომლებიც იგონებდნენ ბორბალს, დამწერლობას, ენას, თუნდაც უბრალო სამუშაო იარაღს, რამაც დღევანდელ განვითარებამდე მიგვიყვანა. იყვნენ ხალხი, რომლებიც ცდილობდნენ ახალი მიწების ნახვას, ახლალი ქალაქების დაარსებას, უკეთესი სახლების აშენებას. ხალხი, რომელიც იყო ანტარქტიდაზე, ევერესტზე. ადამიანები, რომლებიც მეათე საუკუნეში ითვლიდნენ კალენდარს მომავალი ათასწლეულისთვის. რომელთაც გამოიგონეს თითქოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთები: ლიფტი, კბილის ჯაგრისი, უნიტაზი, "პასტა", ფანქარი, ასანთი, სანათი, კარი, ფანჯარა, ხიდი, კეტები, სათვალე, მეურნეობა, კანონები, პიცა, პიზა, პრიზმა, პინცეტი, წისქვილი და სხვა უამრავი რამ.

   შენ შეგიძლია გამოიყენო ყველაფერი, მთელი მსოფლიოდან. გეცვას იტალიური ფეხსაცმელი, იჯდე ესპანურ უნიტაზზე, კითხულობდე ფრანგულ წიგნს,ეწეოდე ჩეხურ სიგარეტს, ჭამო ჩინური საჭმელი (ჩინურზე მეტს აღარ დავწერ, ვიცი დღეს, რომ გეძინება ძვირფასო მკითხველო), ამოიწმინდო თურქული ტვალეტის ქაღალდით, გეძინოს ქართულად, ილაპარაკო ინგლისურად, ისარგებლო აზერბაიჯანული გაზით და იტალიური საწვავით.

   გაიხსენე რამდენჯერ რამდენჯერ ყოფილა მთავარი მონდომება და სურვილი, რამდენჯერ შესძლებიათ ადამიანებს შეუძლებელი და სიტყვები "არ შემიძლია" ამოიღე შენი ლექსიკონიდან. შენ არ ხარ შემთხვევითობა, შენ მთელი სამყარო ხარ, რომელსაც ყველაფერი (ამ სიტყვის ყველა ღრმა გაგებით) შეგიძლია. გაიხსენე ეს ყველაფერი და მიხვდები თუ რა ბედნიერი ხარ იცხოვრო პლანეტაზე, სადაც არის სიცოცხლე, სადაც უცხოვრიათ და ცხოვრობენ ასეთი ადამიანები. შენც ამ ხალხის  ნაწილი ხარ. შენც შეგიძლია გააკეთო ის რაც შეძლეს მათ, გააკეთო მეტი. მიხვდები, რომ ამ სამყაროში დაგარკული ერთი წერტილი კი არა, შემოქმედი ხარ ამ ხელოვნების, მეცნიერების, ისტორიის, ცივილიზაციის. არც მაიმუნი ხარ, არც ჰომო ერექტუსი, შენ ამ ყველაფრის ბატონპატრონი -ადამიანი ხარ.






                  

მუდამ თქვენი (თანამოაზრე, გვერძე მდგომი და არა მონა-მორჩილი) გუგა ნიუტონი (ვაშლმა გააჩინა ეს ყველაფერი, არ დაუღუპავს არა... ეგ ვაშლია, რომლის გამოც ამდენი ბრწყინვალე ადამიანი გვყავდა და მხოლოდ ადამ და ევათი არ შემოვიფარგლეთ)... =)

P.S არის კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არ მოვიხსენიე და რამდენიმეს გახსენებაზე გულიც კი დამწყდა, რომ არ გამახსენდნენ თავის დროზე, თუმცა რაც უფრო მეტად დამწყდება გული, ესიგი მით უფრო ბევრი რამ და ვინმე ყოფილა სამყაროს და შენი გადამრჩენი, ძვირფასო კრიზისში მყოფო მეგობარო....

1 comment:

  1. რა კარგი რამე იყო..
    საჭირო დროს ვიპოვე ბლოგიც და პოსტიც. შემომეკითხა და ბოლოს გამეღიმა..
    მადლობა, გუგა ნიუტონს !! :)

    ReplyDelete